ზღარბო, ზღარბო, ქაცვია…

გინდათ ისწავლოთ, როგორ გააკეთოთ სულ რამდენიმე ნივთის საშუალებით პატარა და ფუმფულა ზღარბები?

თანაც ისეთი, რომ არც ჩხუტუნა ნემსები აქვთ, ხელები რომ დაგვიკაწრონ და ისეთი ფუმფულები არიან, მარტო დედიკო კი არა, ყველა ეალერსებათ.

მაშინ დავიწყოთ!

პირველ რიგში, მოიმარაგეთ:

– ძაფები

– ფლომასტერები

– წებო

– მაკრატელი

– ფურცელი

თავდაპირველად, უნდა გავაკეთოთ ქურქი. ამისათვის, ავიღოთ ძაფი, დავიხვიოთ თითებზე და შევკრათ შუაში, შემდგომ კი გავუჭრათ ბოლოები და ასე მარტივად და მოკლე დროში – ზღარბის ქურქი უკვე მზადაა.

ამის შემდეგ, უნდა ავიღოთ ფურცელი და დავხატოთ პატარა სამკუთხედი, რომელსაც მივუხატავთ თვალებსა და ცხვირს.

ბოლოს კი, ქურქი დავაწებოთ ფურცელს და ჩვენი რბილი და ფუმფულა ზღარბიც მზადაა.

შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ სხვადასხვა ფერის ძაფებით და თქვენს სახლში ბევრი ფერადი და ღუნღულა ზღარბი იცხოვრებს თქვენთან ერთად.