ჩემს შვილს ყოვლისშემძლე ვგონივარ!

გუშინ შუქი ჩაქრა, არადა ფეხბურთის თამაში უნდოდა კომპიუტერში: დედა, დაურეკე და უთხარი რომ ჩართონ!

მუცელი ასტკივდა იმ დღეს: დედა ხელი დამადე და მომირჩება.

ცოტა ხნის წინ დაინტერესდა სულ რამდენი ფეხბურთელია მსოფლიოში:  პასუხი „არ ვიცი“ არ მიიღება, როგორ შეიძლება დედამ რამე არ იცოდეს.

სიმართლე რომ ვთქვა,12 წლის წინ 3 კილო და 800 გულზე რომ დამაწვინეს მეც ყოვლისშემძლე მეგონა თავი.

მეგონა ყველაფერს ვეყოფოდი – ბავშვსაც, ქმარსაც, სამსახურსაც, მეგობრებსაც. აი ისე ამერიკულ ფილმებში რომაა – მაღალქუსლებიანი, ფენსილ ქვედაბოლოიანი, იდეალურ კანიან და მანიკიურიანი კორპორაციის CEO საკუთარი რეცეპტით ნამცხვარს რომ უცხობს 3 შვილს და შემდეგ ბურთს ისე ეთამაშება, რომ არც ქუსლებიდან ჩამოდის და თეთრი ქვედაბოლოც არ ესვრება.

ყოვლისშემძლე

ჩემი ყოვლისშემძლეობის მითს პირველი ბზარი მაშინ გაუჩნდა, 2 თვის დედაჩემს რომ  დავუტოვე და სამსახურში გავედი. მეორედ მაშინ – პირველად რომ გამომეტირა. მესამედ  – ძლივს სტუმრად, რომ წავედით მე და მამამისი და კართან მისულები დაგვაბრუნა ზარმა: ტირის, ჭამა უნდა. ამას მოყვა მეოთხე, მეხუთე და ბოლოს რეალობა შემრჩა ხელში.

მაგრამ ლაშიკოსთვის ისევ ყოვლისშემძლე ვარ და ყველაზე მეტად ამ ტიტულის სიმძიმე მაშინ იგრძნობა, როცა საქმე დროს ეხება. მისთვის საკითხი ასე დგას: დედა ყოვლისშემძლეა. ესე იგი შეუძლია ჩემთან მეტი დრო გაატაროს, მაგრამ არ ატარებს, ესე იგი არ უნდა.   

ახლა მით უმეტეს, როცა სამსახური და სახლი ერთი და იგივეა და ძალიან უჭირს იმის გაგება როგორ შეიძლება დედა თან სახლში იყოს, თან მისთვის არ ეცალოს, ხანდახან არც ერთი წუთით. 

დაახლოებით 5 წლის წინ, 1 ივნისს ერთ-ერთმა ბანკმა ვიდეო ექსპერიმენტი ჩაატარა – მშობლებს ეკითხებოდნენ რა უნდა თქვენს შვილს ყველაზე მეტადო – ისინიც პასუხობდნენ – ზოგი სათამაშოს ასახელებდა, ზოგი რაიმე გაჯეტს, ზოგიც შინაურ ცხოველს.

შემდეგ მათ შვილებს აჩვენებდნენ დასახელებულ პასუხებს და იქვე სთავაზობდნენ ალტერნატივას: „დედასთან/მამასთან გატარებული მეტი დრო“. ცხადია, ყველა ბავშვმა ეს პასუხი ამოირჩია.

ვიდეო ვირუსული გახდა. აზიარებდა ყველა: დედები, მამები, ბებიები, მომავალი დედები, მომავალი მამები, მომავალი ბებიები, ისინიც კი ვისაც შვილის ყოლაზე საერთოდ არ უფიქრია. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მომუშავე დედების სინდისით ქენჯნითა და თვითგვემით სავსე პოსტები დამამახსოვრდა.

იმიტომ, რომ თავიდან მეც ყველა მათგანივით ბოლომდე ვნახე ეს ვიდეო. ვაღვარღვარე ცრემლები იმაზე, რაც უკვე ვიცოდი, გავიორმაგე დანაშაულის შეგრძნება, რომელიც ყოველდღე თან მდევდა, ხელიც წავიღე „share“ ღილაკისკენ და ზუსტად აქ გამიჩნდა კითხვა:

რა ვქნათ მომუშავე დედებო (და მამებო), კრეატიულ ვიდეოებზე დაღვრილი ცრემლებით მოვრწყათ და კიდევ უფრო ავაყვავოთ ჩვენში ისედაც აყვავებული დანაშაულის გრძნობა? მერე საჩუქრებით გამოვისყიდოთ დანაშაული? ჩვენი დედების მიერ ლეგენდად მოყოლილ 3 წლიან დეკრეტს გავეტიროთ?

იქნებ ჯობია პირდაპირ ვუთხრათ ჩვენს სუპერგმირობაში დარწმუნებულ შვილებს რომ სინამდვილეში სპაიდერმენი საცობში გაიჭედა, კეთილი ფერიას ჯადოსნური ჯოხი კიდევ რამდენიმე წელი იპოთეკითაა დატვირთული და საერთოდაც დღე-ღამეში სულ 24 საათია?

ან იქნებ შვილს რომ ვაჩენდით აბა რა გვეგონა? იქნებ არც წარმატება უნდა შევირგოთ, არც საქმისგან მიღებული სიამოვნება, არც წინსვლის სურვილი და ჩვენს პროფესიულ ცხოვრებას საუნდტრეკად უნდა გასდევდეს „ეს დრო შეგეძლო შენს შვილთან გაგეტარებინა?”

თუ ვცადო და გავაგებინო ლაშიკოს, რომელიც ჩემი ორგანიზაციის „აფეთქების“ გეგმაზე მუშაობს, რომ სამსახური ბოროტი დევი არაა, რომელსაც დედა დამწყვდეული ყავს. ვუთხრა, რომ მასთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ ისიც მომწონს, რასაც ვაკეთებ.

ძნელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ გაიგებს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რამდენი დროც არ უნდა გავატარო მასთან, მაინც ენდომება მეტი. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი გატარებული დროის რაოდენობა კი არა ხარისხია.

ჰოდა დღეს სამსახურიდან რომ მივალ, ჩემს ფენსილ ქვედაბოლოს და მაღალ ქუსლებს გავიხდი და საშინაო,  ანუ სუპერგმირის კოსტიუმს მოვირგებ, ვეცდები რაოდენობა ხარისხით ავანაზღაურო. არ ვიცი რა გამომივა, მაგრამ ყველაფერი იდეალურად სუპერმენებს და ფერიებსაც არ გამოსდით.

p.s. სხვათა შორის იმ ვიდეოს გავლენით ლაშიკოს ვკითხე რა გინდა ყველაზე მეტად მეთქი და გულისფანცქალით ველოდებოდი პასუხს. ასე მიპასუხა: მესიზე მაგარი ფეხბურთელი მინდა გამოვიდეო.

ქეთი ბოჯგუა

შემოგვიერთდით ჯგუფში და გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიებიც მშობლობის გამოწვევებთან დაკავშირებით.