მონტესორი სახლში

ქეთევან ქავთარაძე:

“ჩემი პირველი შეხება მონტესორის მეთოდთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოხდა, პოლონეთში, მონტესორის საბავშვო ბაღებში როცა მოვხვდი.

შოკი მივიღე 3 წლის ბავშვს კომპოტი რომ დაეღვარა იატაკზე, ადგა, ხელსახოცი ქაღალდი მოიტანა, გადააფარა ძირს დაღვრის სითხეს, დაელოდა სანამ კარგად არ შეიწოვებოდა და გულდასმით მოწმინდა.

5 წლის ბავშვებმა მათემატიკიდან წილადები და ათწილადები იცოდნენ, შესაბამის მონტესორის მატერიალებზე მუშაობით პრაქტიკულად ხედავდნენ და სწავლობდნენ ძალიან გააზრებულად, ლოგიკურად და ყოველგვარი საზეპიროების გარეშე.

ვიდექი და ვაკვირდებოდი ბავშვების დამოუკიდებელ „მუშაობას“, ფოტოებს ვუღებდი ჩემთვის უცხო მასალებს/სათამაშოებს, ვცდილობდი არ გამომრჩენოდა არც ერთი დეტალი.

მონტესორთან კავშირი ჩემ ცხოვრებაში 5 წლის შემდეგ განახლდა, როცა ჩემი შვილი გაჩნდა და მეც მქონდა დრო გამომეყენებინა დეკრეტული შვებულება, წამეკითხა და გავცნობოდი მონტესორის პრინციპებს და მიდგომას, როგორც მშობელი. მაშინ აღმოვაჩინე რომ მონტესორის განათლების ფილოსოფია მხოლოდ ბაღში და სკოლაში არ გამოიყენება და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მონტესორის პრინციპები სახლში ბავშვის დაბადებიდანვე.

დავიწყე მცდელობა უფრო მეტად გამხდარიყო მონტესორი ჩვენი ცხოვრების სტილი. თითქმის ყველაფერი მონტესორის ფილოსოფიიდან იმდენად ბუნებრივია, რომც არ იცნობდე ბევრ დეტალს, თუ დაფიქრდები თავისთავად შეიძლება მიხვიდე სწორს ნაბიჯამდე. აღმოვაჩინე რომ რაღაცეებს ისედაც სწორად ვაკეთებდი, რაღაცეები კი სულ სხვა კუთხით დავინახე. ბევრი რამ არ ვიცი, ბევრი რამ არ გამომდის, მაგრამ მცდელობა ყოველთვის გავყვე მონტესორის მთავარ ხაზს ბევრ საკითხში ძალიან მეხმარება.

  1. ერთმანეთის პატივისცემა მონტესორის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და ამ ნაწილში უმნიშვნელოვანესია პატივისცემით მოვეპყრათ ბავშვს. ვცდილობ ყოველთვის წინასწარ ვუთხრა ჩვენი გეგმების შესახებ. ჩემი შვილი 1 წლის და 7 თვისაა, მაშინაც კი როცა ახალდაბადებული იყო წინასწარ ვეუბნებოდი მაგ. „ახლა ბებოსთან წასვლას ვაპირებთ“ ან „ახლა აბაზანის მიღების დროა, მოდი შენი იხვიც დავბანოთ“. თუ დაკავებული ვარ, აუცილებლად ვუბრუნდები როგორც კი ვთავისუფლდები – „მოვედი, მითხარი რისი გაკეთება გინდოდა ჩემთან ერთად?“
  2. დამოუკიდებლობა – ვცდილობ შევქმნა მისთვის ადაპტირებული გარემო, რაც დაეხმარება დამოუკიდებლობის განვითარებაში და ექნება არჩევანის თავისუფლება გააკეთოს რაც უნდა, როცა თვითონ გადაწყვეტს. დაბალი თაროები მისი სათამაშოებისთვის და ნივთებისთვის, დაბალი საწოლი ან უბრალოდ ძირს დადებული მატრასი, რომელზე დამოუკიდებლად ადის და ჩამოდის, დამხმარე კიბეები აბაზანასა და სამზარეულოში აძლევს არჩევანის თავისუფლებას დაკავდეს რითიც უნდა, მანამდეც სანამ ამის თქმას ან მინიშნებას თავად შეძლებს, გამოიმუშაოს პრაქტიკული ცხოვრების უნარები – დაჭრას ხილი, მოიმზადოს სალათი, დაიბანოს პირი, გაიხეხოს კბილები და ა.შ.
    მშობლები ალბათ ყოველთვის მზად ვართ ჩვენს შვილს დავეხმაროთ ყველაფერში, ჩვენვე გავუკეთოთ, მაგრამ სწავლების პროცესში ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს. სწავლებისთვის, მოტივაციისთვის და საკუთარ თავში დარწმუნებისთვის მნიშვნელოვანია რომ გააკეთონ თავიანთი ხელით – what the hand does the mind remembers.
  • სათამაშოები/მასალები. მონტესორის ბაღებში მასალები/სათამაშოები განსხვავებული და სპცეიფიურია, რომლებიც როგორც წესი ორიენტირებულია ბავშვის განვითარების შესაბამისი, კონკრეტული უნარის განვითარებაზე. ვცდილობ სახლშიც მქონდეს მონტესორის მასალები ან უბრალოდ მონტესორის მეთოდთან შესაბამისი სათამაშოები და წიგნები. რომლებიც ისეა განლაგებული რომ დამოუკიდებლად წვდება, თვალსაჩინოა და შეუძლია როცა უნდა აიღოს. ვერ წარმოიდგენთ როგორი ამაყი ვიყავი, როცა პირველად ერთ-ერთი თამაშის შემდეგ ისევ თაროზე, თავის ადგილას დააბრუნა სათამაშო. 😊
  • თავისუფლება 3 ლიმიტის ფარგლებში. თავისუფლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა მონტესორის ფილოსოფიაში. ზოგი ფიქრობს რომ ყველაფრის კეთების უფლება იგულისხმება, რეალურად კი 3 მნიშვნელოვანი წესი არსებობს – პატივი სცეს საკუთარ თავს, პატივი სცეს სხვას და პატივი სცეს გარემოს. ალბათ ეს ის ჩარჩოა, რომელიც არა მხოლოდ პატარების, ჩვენს, ზრდასრული ადამიანების თავისუფლებასაც თან რომ უნდა ახლდეს.
  • დაკვირვება და ინტერესების გათვალისწინება – Follow The Child.  ვცდილობ დავაკვირდე მის ქცევებს, თამაშის პროცესს, რისი გაკეთება მოსწონს და რა არ გამოსდის. ეს ხელს მიწყობს იმაში, რომ გავითვალისწინო მისი ინტერესები და შესაბამისად დავგეგმო შემდეგი ნაბიჯები. ამასთან, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიმეს გაკეთებაში კი არ დავეხმარო, არამედ დავეხმარო იმაში, რომ თავად შეძლოს დამოუკიდებლად გაკეთება – “Help me to do it myself”.
  • ბუნებასთან კავშირი – ფოთლების შრიალის ყურება, ჩიტების ჟღურტულის მოსმენა, გაზაფხულის წვიმის ან ყვავილების სურნელი, ქვიშაზე, ბალახზე ფეხშიშველი სიარული, ხიდან მოწყვეტილი ხილის გემო… ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში შეგრძნებების საშუალებით. მწერების შიშებზე და ფობიებზე რომ ვაწყდები ხოლმე კითხვებს და სტატიებს სულ ისევ მონტესორის ბაღიდან მახსენდება, 4 წლის ბავშვმა ხელში რომ აიყვანა ხოჭო და ბალახებში, უსაფრთხო ადგილას გადასვა. მგონია რომ არც ერთ მათგანს მსგავსი ფობია არ შეაწუხებს „დიდობაში“. 😊 ვისაც ეზო გაქვთ ნამდვილად მოსალოცი ამბავია, იმდენი აქტივობის მოფიქრება შეგიძლიათ, ვისაც არა ბუნებაში ბევრი ხეტიალის დრო მოდის სულ მალე, თქვენს პატარა „სამყაროს აღმომჩენებთან“ ერთად.

მონტესორი არის ფილოსოფია და ცხოვრების სტილი, რომელიც როგორც თავად მარია მონტესორი ამბობდა პატარას ამზადებს არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის.”

თქვენ თუ იყენებთ მონტესორის სწავლების მეთოდებს? გაგვიზიარეთ მაი ნენის მშობლების ჯგუფში.