მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით, ბავშვები ნაკლებად არიან კოვიდ-19-ის ინფიცირების რისკ ჯგუფში, კვლევები გვიჩვენებს, რომ ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვები მეტად მოწყვლადნი არიან ტრავმული მოვლენებისადმი. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ამბები ბავშვებზე განსაკუთრებულად მოქმედებს და აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციით, გვინდა მცირედი წვლილი შევიტანოთ ბავშვების კეთილდღეობაში, განსაკუთრებით მანამ, სანამ მსოფლიოში აღნიშნული მდგომარეობაა.

როგორც ცნობილია, ვირუსმა ყოველდღიურობაში შესამჩნევი ცვლილებები შემოიტანა. ბავშვებს მოუწიათ სკოლების დახურვასთან, ონლაინ სწავლებასთან და სოციალურ დისტანციასთან გამკლავება. ზემოთ ჩამოთვლილმა მოვლენებმა შესაძლოა ბავშვებში უსაფრთხოების შეგრძნება შეამციროს, რადგან ირღვევა მათი ყოველდღიური რუტინა და დღე არაპროგნოზირებადი ხდება. ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვებიც კი ძალიან კარგად ახერხებენ სტრესულ სიტუაციებსა და უფროსების გამკლავების მეთოდებზე დაკვირვებას. ბავშვებმა შესაძლოა ათასობით კითხვა დაგისვან იმის თაობაზე, თუ რა ხდება, ან რა მოხდება მომავალში. ასევე შესაძლოა გამოხატონ მოჭარბებული ემოციები (სიბრაზე, შფოთვა, შიში). ამას გარდა, შესაძლოა დაიწყონ ნერვიულობა საკუთარი, ან ოჯახის წევრების უსაფრხოებაზე.

ბავშვები

ბავშვების უმეტესობა, მშობლებისა, თუ ახლობლებისგან მიღებული მხარდაჭერის შედეგად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ მდგომარეობას. თუმცა ბავშვების სხვა ნაწილი შესაძლოა მოწყვლადი აღმოჩნდეს ისეთი ფსიქიკური პრობლემების განვითარების მიმართ, როგორიცაა პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა, შფოთვა და დეპრესია. ამიტომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში ვფოკუსირდეთ მათ ემოციურ ჯანმრთელობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია რიგი რეკომენდაციებისა, რომელიც გაგიმარტივებთ პრობლემების თავიდან არიდებას.

  • პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ბავშვის რეაქცია განსხვავებულია სტრესული მოვლენების დროს. ზოგი ბავშვი შესაძლოა იყოს გაღიზიანებული, ზოგმა კი შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მოითხოვოს თქვენგან. ზოგიერთს შესაძლოა კვებასთან, ან ძილთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხოს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნორმალური რეაქციაა სტრესის დროს. დახმარება ჩვენ ემპათიისა და მოთმინების უნარის გამოვლენით შეგვიძლია.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს გვერდით ჰყავდეს მზრუნველი პირი, რომელთანაც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მოცემულ მომენტში არაა მის გვერდით, ასეთი ადამიანი შესაძლოა იყოს ნათესავი, ახლობელი, ან ნებისმიერი სანდო პირი, რომელიც შეძლებს მასზე ზრუნვას და კითხვებზე პასუხის გაცემას
  • სოციალური დისტანცია არ გულისხმობს სოციალურ იზოლაციას. ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალიზაცია. მაქსიმალურად გამოვიყენოთ საშუალებები, რომელიც უსაფრთხოა პანდემიის პირობებში, იქნება ეს წერილების წერა მეგობრებისათვის, თუ ვიდეო ზარი ახლობელთან.

მშობლებს ფსიქოლოგებთან შეუძლიათ ინდივიდუალური კონსულტაციის დაჯავშნა მაი ნენის პლატფორმაზე.